ყურძენი, გერმანული ჯიში
ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით. მათი კლასიფიკაციის დროს ითვალისწინებენ ზრდის სიძლიერეს (სუსტი, საშუალო, ძლიერი და მეტად ძლიერი), ყურძნის შეფერილობას (თეთრი, ვარდისფერი, წითელი და სხვა), სიმწიფის პერიოდს (საადრეო, საშუალო, საგვიანო და ძლიერ საგვიანო), მოსავლიანობის (მცირე-, საშუალო-, უხვმოსავლიანი) და სამეურნეო მიმართულებას (სასუფრე, საღვინე, საკონიაკე, საშამპანო, ყურძნის წვენის, კონცენტრატების, საქიშმიჭე, ფილოქსერაგამძლე საძირე, დეკორატიული).
საქართველოში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია. მათგან ყველაზე გავრცელებულია: საღვინე ჯიშებიდან - საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, ოჯალეში. ჩხავერი, ალადასტური და სხვა; სუფრის ჯიშებიდან: გორულა, წითელი ბუდეშური, თითა, კლარჯული; ახალგამოყვანილი ჰიბრალდული ჯიშებიდან - ქართული საადრეო, ივერია, თბილისური, სახალხო თეთრი, ვარძია, მუსკატური რქაწითელი, კოლხური და სხვა. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე შემოტანილი ჯიშები - ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე, კიროვაბადული სუფრისა, შასლა თეთრი, ყარაბურნუ (ბულგარული), ხალილი. ფილოქსერაგამძლე ვაზის ჯიშებიდან - რიპარიაxრეპესტრის 3309, რიპარიაxრუპესტრის 3306, რიპარიაxრუპესტრის 101-14, ბერლანდიერიxრიპარია 420ა, ბერლანდიერიxრიპარია 5ბბ, შასლსxბერლანდიერი 41ბ, რეპესტრის დულო და სხვა. ყურადღება ექცევა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების - ხიხვის, კრახუნას, ალადასტურის, უსახელოურის, ქისის, ოცხანური საფერეს, გრძელმტევანას, ჩხავერის და სხვების ფართოდ გავრცელებას. დიდი მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე, სადაც გამოჰყავთ ვაზის ყინვაგამძლე, მავნებლებისა და დაავადებათა მიმართ იმუნური და სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის ახალი ჯიშები.
No comments:
Post a Comment